გაბუნია: თებერვალში ვაქცინის მიღება სრულიად რეალისტურია

პირველი, რაც აუცილებელი პირობაა და რაც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, არის პასუხი და მზაობის დადასტურება იმ კონკრეტულ პირობებზე, რასაც აყენებს „კოვაქსის“ პლატფორმა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინი, რომ თებერვალში ქვეყანაში ვაქცინა იქნება და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, სრულიად რეალისტურია.

„ეს პირობა სრულად არის შესრულებული. შემდეგი ეტაპი არის „კოვაქსის“ თანხმობა და ზუსტი ვადის მოწოდება იმაზე, თუ პირველ კვარტალაში როდის დაიწყება. „კოვაქსის“ და ყველას ინტერესია, რომ საქართველოში და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ „კოვაქსის“ მხრიდანაც მაქსიმალურად სწრაფ პასუხს ველოდებით. ის, რომ თებერვალში ქვეყანაში ფიზიკურად ვაქცინა გვქონდეს, და ეს პროცესი დაიწყოს, არის სრულიად რეალისტური. პროცესი არის ორმხრივი. ჩვენ ჩვენი პირობები შევასრულეთ, ახლა „კოვაქსიდან“ საბოლოო დასტურს ველოდებით.

„კოვაქსის“პლატფორმაში შეკვეთილი გვაქვს ვაქცინა მოსახლეობის ოცი პროცენტისთვის და ეს არის მილიონ-ნახევარი დოზა. თუმცა ამ დოზის მოწოდება ეტაპობრივად მოხდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.