გაბუნია: მოსახლეობის 20 პროცენტისთვის შეკვეთილი გვაქვს ვაქცინა

„კოვაქსის“ პლატფორმიდან ჩვენ შეკვეთილი გვაქვს ვაქცინა მოსახლეობის 20 პროცენტისთვის, რაც არის 700 ათასი ადამიანი. გარდა ამისა, ასევე „კოვაქსის“ მიღმა მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყანასთან, რომ კიდევ დამატებით მივიღოთ უფრო სწრაფად ის ვაქცინები, რაც ექნებათ ევროპის ქვეყნებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წლის ბოლომდე და 2022 წლის პირველი კვარტალში, შესაძლოა, ვაქცინაციის ფონზე საქართველოში შეიქმნას კარგი დამცველობითი ფენა.

„ამ შემთხვევაში ასტრაზენეკაზე შემიძლია ვისაუბრო, რომ გაფართოვდეს მოცვა და რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ მოსახლეობის იმ მოცვას, რაც მოგვცემს იმუნური ფენის განვითარების საშუალებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, დაახლოებით 2022 წლის შუა პერიოდამდე მაინც დასჭირდება გლობალურად საზოგადოებას იმისთვის, რომ ეს იმუნური ფენა შეიქმნას. თუმცა, აქტიური ვაქცინაციის პროგრამის შემთხვევაში ჩვენთანაც შესაძლებელია, რომ დავუშვათ 2021 წლის ბოლომდე და 2022 წლის პირველი კვარტალში შეიქმნას ისეთი კარგი დამცველობითი ფენა ვაქცინაციის ფონზე, რაც ჩვენ თავიდან აგვაცილებს ინფექციის შემდგომ ტრანსმისიას“, – განაცხადა გაბუნიამ.