ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ გაგრაში ტყის ხანძრებს ებრძვიან. მათივე ინფორმაციით, სამი დღის წინ გაჩენილი ხანძარი ფსოუ-ენგურის გზატკეცილამდე ჩავიდა.
ვითარება სანატორიუმი მოსკოვის ტერიტორიაზე გართულდა, მეხანძრე მაშველებმა ცეცხლის შეკავება შეძლეს. დე ფაქტო სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ხანძრის მიზეზი სანატორიუმთან ქვების ცვენა გახდა, რომელმაც გაგრის შესასვლელში გზატკეცილი ჩახერგა.
ხანძარს ებრძვიან გალის რაიონშიც, სადაც ცეცხლი რამდენიმე სოფელს არის მოდებული. როგორც ოკუპირებული რეგიონის უწყებებში აღნიშნავენ, საცხოვრებელი სახლები დაზიანებული არაა.