დაქირავებით დასაქმებულთათვის 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 200 ლარიანი დახმარების პირველი თვის ჩარიცხვა უკვე განხორციელდა.

„კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან – 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი. 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში. ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებზე და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ქვეშ მყოფი დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე ფიზიკურ პირებზე”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.