თებერვალში შემოტანილი Pfizer-ის ვაქცინით 15 ათას მედიკოსს აცრიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, Pfizer-ის 30 ათასი ვაქცინით, რომელსაც საქართველო თებერვალში მიიღებს, 15 ათას მედიკოსს აცრიან.

ქვეყანაში სულ 46 ათასი მედპერსონალია, თუმცა თებერვალში ყველას იმუნიზაცია ვერ მოხერხდება. აცრა თავდაპირველად არ გაუკეთდებათ არც რისკ-ჯგუფში შემავალ პირებს.

“საავადმყოფოდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან გამოთხოვილია ეს პერსონალური ინფორმაცია, პირველ რიგში, სამედიცინო დაწესებულებებს შორის უპირატესობა მიენიჭებათ უშუალოდ კოვიდთან მომუშავე სამედიცინო დაწესებულებებს.

მედიკოსების ნაწილს გადატანილი აქვს ინფექცია და ჩვენ იქ დაშვება გავაკეთეთ, რომ სამი თვის წინ ვისაც აქვს გადატანილი ინფექცია, ის შეიძლება აიცრას და სამი თვის განმავლობაში, ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ აცრისგან.

თუ ეს 15 ათასი დოზა, რადგან ორჯერ უნდა გაკეთდეს, არ ეყო სამედიცინო პერსონალს და დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, არ ეყოფა, შემდეგ უკვე AstraZenec-ს ვაქცინა შემოდის, დაახლოებით, 15 მარტამდე, ასე ვფიქრობთ და შემდგომ გაგრძელდება, იმიტომ, რომ სამედიცინო პერსონალი არის პირველი პრიორიტეტული ჯგუფი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვა.