ილია მეორის პირადი ექიმი ცისანა შარტავა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
„ქალბატონ შორენას მეუფე ანტონთან ჰქონდა შეხება 3 რიცხვში. 4-ში დაუდასტურდა მეუფეს, რომელიც ახლა კლინიკაშია მოთავსებული. ეს რომ გავიგეთ, შორენა გადავიდა თვითიზოლაციაში თავისივე სურვილით და ექიმების რჩევით. ამჟამად იმყოფება თვითიზოლაციაში.”, – განაცხადა ცისანა შარტავამ.
პატრიარქის პირადი ექიმის თქმით, შორენა თეთრუაშვილთან ერთად, იზოლაციაში იმყოფება მისივე თანამშრომელი, რომლის პასუხი „კოვიდ-19“-ზე ჯერჯერობით უარყოფითია. ცისანა შარტავას განმარტებით, ინფიცირებულ მღვდელთმთავარს პატრიარქთან შეხება არ ჰქონია.
ამასთან, საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ მედიას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურა, ამბობს, რომ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია და ვირუსი ჯერ არ დადასტურებია.