კახეთში გასულ წელს ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 წლის ნოემბერში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საავტომობილო გზაზე, 1976 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს ავტომობილით განზრახ შეეჯახა, 1984 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს კი ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ძებნილი პირი, რამდენიმეთვიანი ინტენსიური საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის სახით დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.