მკვლელობა ხარაგაულში – დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გუშინ მკვლელობა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 9 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს – 1963 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

,,სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-⁠ დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.