ომბუდსმენი: პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგი საფრთხის შემცველი გახდა

“რუსთავის N17 დაწესებულებაში 2021 წლის 13 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, ვინაიდან ციხეში „ყველაფერი კარგად იყო”-ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არა მარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა.

მისივე თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.

„პენიტენციურ დაწესებულებებში ანგარიშის გამოქვეყნებას სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონობა მოჰყვა იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არა მარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას. ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციის და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ ფაქტს საერთაშირისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს.

„პენიტენციური სამსახურის მხრიდან ეს მხარდაჭერა მათ შორის საჯარო ქმედებებითაც გამოიხატება, თუნდაც იმ რამდენიმე შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გავახმაურეთ, ნახავდით, როგორი რეაგირება ჰქონდა პენიტენციურ სამსახურს ჩვენს ამ განცხადებებზე. საჯარო განცხადებებით იცავდა აღნიშნულ პატიმართა ჯგუფს და ცდილობდა სახალხო დამცველის საქმიანობის დისკრედიტაციას. ვფიქრობ, ეს განცხადებები საჯარო წახალისება და აღიარებაა მათი მხარდაჭერის, ამ კრიმინალური იერარქიული სუბკულტურის მართვის მოდელისა, რაც საკუთარ ციხეებში აქვთ.

გარდა ამისა, ადგილზე ეს არის საგრძნობი. ადმინისტრაცია არასოდეს ერევა, როდესაც პატიმართა კონკრეტული ჯგუფი საფრთხეს უქმნის ჩემს წარმომადგენელებს და არ აძლევენ საშუალებას, რომ გაესაუბრონ დაწესებულების ექიმებს და პატიმრებს, რათა მათგან მოვისმინოთ მათი პრობლემების შესახებ.

ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშირისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ სამწუხაროდ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს. ანუ, პენიტენციური სამსახური მათი მართვის და გავლენის ქვეშ მყოფ კრიმინალებს უპირისპირებს ადამიანის უფლებების დამცველებს და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, ეს არის აღმაშფოთებელი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.