პარლამენტმა “პატრიოტთა ალიანსის” სიის 3 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა “პატრიოტთა ალიანსის” სამი დეპუტატის უფლებამოსილება სცნო. “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა.

პარლამენტის წევრი, ფრიდონ ინჯია მათ გადაწყვეტილებას ხსნის და ამბობს, რომ ყველა მოაზროვნე ოპოზიციური პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არ არის და ვისაც მანდატი აქვს, ის პარლამენტში უნდა იყოს.

“დღე ჩვენ, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქანაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი, როგორც პოლიტიკური გაერთიანება “ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტში ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში და მიგვაჩნია საზოგადოებას განვუმარტოთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზები და მიზნები.

დღეს ქვეყანა ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას, პანდემიამ შემქნა მძიმე ეკონომიკური კრიზისი და გაართულა ჩვენი მოქალაქეების ისედაც რთული სოციალური მდგომარეობა. ამ ვითარებაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დასაძლევად, პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე.

ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არ არის, ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, ის უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩევლებს, მათ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მცირე იყოს ის, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას,” – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

ინფორმაციისთვის, ირმა ინაშვილის თქმით,  პარტიის დამფინანსებლების პარლამენტში შესვლას საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას ვერ მისცემს. მისივე განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” ბიზნეს შემადგენლობის წარმომადგენლებიდან მხოლოდ ფრიდონ ინჯიაა პარტიის წევრი და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ინჯია  ალიანსს დატოვებს.

31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით პარლამენტში მოხვედრილი 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან მანდატზე ოფიციალურად უარი, ამ დროისთვის, 54-მა თქვა.