“გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც რუსთავში არსებული მძიმე ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად, შესაძლოა, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის იანვრამდე პერიოდში ამოქმედდეს.
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
“ამ კანონპროექტის ამოქმედება ლავირებს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის იანვრამდე. კანონპროექტის მნიშვნელობა ძალიან კარგად იცის რუსთავმა და ძალიან კარგად იცის ზოგადად იმ საზოგადოებამ, რომელსაც შეხება აქვს გარემოსდაცვასთან და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან. დარწმუნებული ვარ თქვენი მხარდაჭერა იქნება, რომ მოვითხოვოთ კანონპროექტის განხილვა. ეს არის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც გარემოსდაცვითი ფინანსური ფონდის შექმნას ითვალისწინებს და ასევე აწესებს საკმაოდ დიდ ჯარიმებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რაც ძალიან ეფექტიანი იქნება,” – განაცხადა მაია ბითაძემ.
კომიტეტს წევრებმა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის შემდგომი განხილვის მიზანშეწონილობას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს წარედგინება.









