როდის შემოვა საქართველოში კოვიდვაქცინა?

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი სახელდება.

„მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის სრული ჩართულობა, რათა გაიზარდოს სანდოობა და ზოგადად, ამაღლდეს ცნობიერება, თუ რას ემსახურება ეს ვაქცინაცია, არის თუ არა ის მოსახლეობისთვის უსაფრთხო. რა შესაძლო გართულებები შეიძლება მოყვეს და ასევე, რა სარგებელი შეიძლება მოყვეს როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის კუთხით.

გვერდითი მოვლენების მართვის მონიტორინგი ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ დოკუმენტში. ეს ყველაფერი დღეს შემუშავებულია. ყოველივე ეს ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან შემდეგ ნაბიჯს. თქვენ იცით, რომ გაერთიანებული ვართ „კოვაქს“ პლატფორმაში, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, პირველი ეტაპისთვის მივიღოთ „ფაიზერის“ ვაქცინა. ამ პლატფორმიდან ჩვენ მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს უნდა გაიგზავნოს საპასუხო წერილი სამინისტროს მხრიდან, სადაც მათ დეტალურად უნდა გავცეთ პასუხი, თუ რა მზაობა არის ქვეყანაში იმისთვის, რომ ვაქცინის შემოტანა მოხდეს. სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის 1-ელი კვარტალი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დოკუმენტი მათ დააკმაყოფილებს და საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში ვაქცინაცია მივიღოთ“,-განაცხადა ტიკარაძემ.