საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალ შტამზე გამოიკვლიეს სამი ნიმუში, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მესამე შემთხვევაში კი ახალი შტამი დადასტურდა. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება.

“სულ კვლევაში იყო 3 საეჭვო შემთხვევა. 2 შემთხვევაში ამ შტამის არსებობა არ დადგინდა. ხოლო ერთ, დეკემბრის თვეში აღებულ ნიმუშში, დადასტურდა ახალი „ბრიტანული“ შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია. პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება იზოლაციაში. მისი კონტაქტები დადგენილია. მოძიებულია ერთერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში, რომელიც საქართველოში შემოვიდა სხვა ქვეყნიდან და უკვე დაბრუნდა იმავე ქვეყანაში. ტარდება მისი ნიმუშის სექვენირებაც.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს,” – აღნიშნული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.