საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტებს გამოიკვლევენ

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება. მისი თქმით, კვლევაში 500-მდე ის პაციენტი ჩაერთვება, რომლებიც კორონავირუსს კლინიკებში მკურნალობდნენ.

„კოვიდის შემდგომი გართულებებისა და სიმპტომების გამო, საქართველოშიც ბევრი პაციენტი მოგვმართავს. ამ მდგომარეობას სხვადასხვანაირი სახელი ჰქვია. გახანგრძლივებული კოვიდი და პოსტკოვიდური სინადრომი. გახანგრძლივებულ კოვიდზე ამბობენ მაშინ, როცა კოვიდის დამთავრებისთანავე ანუ განკურნებისთანავე, რაღაც სიმპტომები გრძელდება, მაგალითად სისუსტე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხანდახან სუფებრილური ტემპერატურა და სხვა და სხვა. არის ასეთი შემთხვევები, როცა კოვიდისგან ადამიანი განიკურნება, ტესტი უარყოფითია, მაგრამ რაღაც სიმპტომები მას უგრძელდება. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ასეთია: როცა პაციენტი განიკურნება, გაუვლის ყველა სიმპტომი და დაახლოებით 1 ან 2 თვის მერე ხელახლა გაუჩნდება რაღაც სიმპტომები, იგივე, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, გულის მოვლენები, უძილობა, დეპრესია, შფოთი და სხვა და სხვა. ასეთი პაციენტი საქართველოში ბევრია და ხშირად მოგვმართავენ. პირადად ჩვენთან, კლინიკაში, კოვიდის შემდგომი სიმპტომებით გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა.

სრული სურათი რომ ვნახოთ, გადავწყვიტეთ, რომ ჩატარდეს ოფიციალური კვლევა, გუშინ ვიყავით სამინისტროში. შეხვედრა გვქონდა. უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ 2 კვირაში ან 1 თებერვლიდან, ყველაზე შორს ორ კვირაში, დავიწყებთ კვლევას. გამოვიკვლევთ 500 ადამიანს, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს. მათ გამოვიძახებთ, ჩაუტარდებათ სრული გამოკვლევა ყველა იმ ორგანოსი და სისტემის, რომლის მხრივაც ჩვეულებრივ კოვიდგადატანილები გამოხატავენ ჩივილებს. ეს იქნება კლინიკური გამოკვლევა. ისინი შეავსებენ სპეციალურ კითხვარს, სადაც უპასუხებ კითხვას რა აწუხებთ. მათ ჩაუტარდებათ კვლევები, ეს იქნება კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრაფია, გულის ულტრაბგერითი გამოკვლვევა, სუნთქვის გამოკვლევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სუნთქვის ფუნქცია რჩება ხანდახან დაზიანებული და ამის კვლევა ჩატარდება. დაიდება ზუსტი შედეგები, თუ რამდენ პროცენტში ვითარდება ეს პოსტკოვიდური სინდრომი,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.