საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმა Big 7 Travel 50 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შესახებ წერს, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, საქართველო საერთაშორისო გამოცემის სიაში მეორე ადგილზეა.
რეიტინგის პირველი ხუთეულს იკავებენ შემდეგი ქვეყნები: ესტონეთი, საქართველო, სერბეთი, ინდონეზია და ტაილანდი.
„ბოლო წლებში თბილისმა ციფრულ სამოგზაურო სამყაროში დიდი ნაბიჯი გადადგა. კავკასიის რეგიონის გამორჩეულ დედაქალაქს სტუმრებისთვის უამრავი კულტურული შეთავაზება აქვს: მრავალფეროვანი კერძებით დაწყებული გრძელი ისტორიით გაგრძელებული. დანარჩენი საქართველოს შესასწავლად თბილისი შესანიშნავ ბაზას წარმოადგენს. გაყინული კავკასიონის მთებიდან ბათუმის კენჭებიან ზღვის სანაპირომდე საქართველო მიმზიდველი და საცხოვრებლად ხელმისაწვდომი ქვეყანაა. პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველომ დისტანციურად მომუშავეებისთვის სპეციალური პროგრამა მოამზადა “ – წერს სტატიის ავტორი მელანი ჰამილტონი.
სტატიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გვერდია მითითებული, სადაც „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის პირობები დეტალურადაა აღწერილი.
ცნობისთვის, „იმუშავე საქართველოდან” პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა. პროექტის მიზანია საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორთა მიღება, რომელთა საშუალო დაყოვნების პერიოდი გაუტოლდება 6 თვეს, ხოლო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი იქნება 2000 აშშ დოლარზე მეტი. მოცემული ინდიკატორების შესრულებით, ქვეყანა იღებს გრძელვადიან საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც საკუთარ დანაზოგებს დახარჯავენ ტურისტული, სამომხმარებლო სერვისისა და პროდუქციის მიღების მიზნით.