ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით ის მეწარმე სუბიექტები და საქმიანობები განისაზღვრა, რომლებზეც „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება არ ვრცელდება.
ბრძანებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აღნიშნული სუბიექტების უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ეს სუბიექტებია:
1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები;
2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ „კოვიდ-19“-ის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.
3. ფარმაცევტული საქმიანობა;
4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;
5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები, ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება;
6. ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები;
7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები;
9. სამაშველო საქმიანობა;
10. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები;
11. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება);
12. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად.









