უგულავა: ხალხმა არჩევნებზე ვირთხის წელიწადს გამოუტანა წირვა ბიძინა ივანიშვილს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება  უპასუხისმგებლობის გამოვლინდებაა.

“ევროპული  საქართველო” ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას ბრიფინგით გამოეხმაურა.

„ჩემთვის ეს ხარის წელიწადის დროს პირველი ბრიფინგია და ბიძინა ივანიშვილზე საუბარი მომიწია. სიმართლე გითხრათ, ზოდიაქოებში ჩაკარგულივით არის. სინამდვილეში, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე ვირთხის წელიწადს გამოუტანა წირვა – ბიძინა ივანიშვილს. მან იჭირვეულა და ახლა უკვე ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა, როგორც ხარმა, მაგრამ არსი არ შეცვლილა- ის დამარცხდა არჩევნებზე, როგორც ვირთხა და შემდეგ ძალაუფლება მიისაკუთრა. ამიტომ, დღევანდელი წერილი არსებითად არაფერს ცვლის. მე შორს ვარ იმ კონსპირაციისგან, რომ დავიწყო ახლა, ბიძინა ივანიშვილი თავს გვაჩვენებს, თუ მართლა მიდის. თავისთავად ცხადია, რომ სანამ მთავარი პროკურორი შოთაძე ან მურუსიძე მისაღებში იქნება სქელი საქაღალდეებით, ვინ დაიჭირონ და გამოუშვან ციხიდან, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება. ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება. ნურავითარ ილუზიას ნუ შევიქმნით. ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინება. უპასუხისმგებლობაა, როდესაც მილიარდერი ქვეყანას 8 წელიწადი მართავ და შენი მმართველობის შემდეგ, გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადასახდელად. უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც შენი მმართველობის დროს პრაქტიკულად 2,5-ჯერ განიცადა დევალვაცია ეროვნულმა ვალუტამ, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო, უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემიაა და როდესაც პასუხისმგებლობა შენზე და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზეა. უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინებაა, როდესაც ქვეყანას კრიმინალი ძიძგნის. საერთოდ რა წესი დამკვიდრდა ამ ქვეყანაში ვერ გავიგე, „ფეისბუქ“ პოსტებით გაქცევა და გაპარვა, პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანა. მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, მეგობრებო, ჩვენ ძალიან ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით, განსხვავებული პოზიცია გვაქვს, მაგრამ ერთი რამ უდავოა, თქვენ, ვინც 31 ოქტომბერს 41 ნომერი შემოხაზეთ, 41 არ შემოგიხაზავთ, კობახიძის, ელისო ბოლქვაძის ან „ქართული ოცნების“ ახალი თუ ძველის სახის გამო, თქვენ 41 შემოხაზეთ ბიძინა ივანიშვილის გამო. შესაბამისად, ამ ერთპარტიულ პარლამენტს ისედაც ლეგიტამაციის პრობლემები აქვს და თუნდაც მოჩვენებითი ან რეალური თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ივანიშვილის ლეგიტიმაციის პრობლემა 10-ჯერ და 100-ჯერ კიდევ უფრო მწვავედ დგება. შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ახლოს ვართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან. ვინც, ივანიშვილს მიეცით ხმა, მან გიღალატათ, ზურგი გაქციათ, დაგტოვათ პანდემიის წინაშე და ამ ხროვის წინაშე, რომელსაც არასდროს არაფერი გაუკეთებია. 8 წელიწადშიც ვერაფერი ისწავლა. ივანიშვილმა გაგწირათ და მოგატყუათ, დატოვა ერთპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა უგულავამ.