ცერცვაძე: მალე Pfizer-ის ვაქცინას მივიღებთ

კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, უახლოეს მომავალში საქართველო Pfizer- BioNTech -ის ვაქცინას პირველ პარტიას მიიღებს, რაც “პანდემიის დასასრულის დასაწყისი” იქნება.

“მოსახლეობის ვაქცინაცია ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების და ამით გამოწვეული სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირების, ასევე ყველანაირი შეზღუდვების და რეგულაციების ეტაპობრივი და უსაფრთხო მოხსნის ყველაზე ეფექტური გზაა. ვულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებას. ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია”. – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები განწყობას თავადვე შეიცვლიან, როდესაც ნახავენ ვაქცინის ეფექტიანობას:

“ეს არის მოსალოცი, ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რამეთუ რაც არ უნდა კარგად აწყობილი იყოს კლინიკური სექტორი, ამით პანდემიას საბოლოოდ ვერ დავამარცხებთ. პანდემია საბოლოოდ შეიძლება დამარცხდეს მხოლოდ ვაქცინაციის საშუალებით.

ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაცია არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ეს არის ძალიან ეფექტიანი და ყველამ უნდა ჩავიტაროთ აცრა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გაძნელდება და რატომ, ყველა უცდის პირველ პარტიას და როცა პირველი პარტია შემოვა და აიცრებიან ისინი, ვინც რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით თანახმა არაინ და ეს იქნებიან მედიცინის მუშაკები და ნახავენ, რომ კოვიდი არავის დაემართება და სერიოზული გართულება არავის ექნება და მითუმეტეს, სასიკვდილო შემთხვევები არ გვექნება. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ დიდი პროპაგანდაც არ დასჭირდება, თვითონ შეიცვლიან თავის განწყობას,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანა  Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიიღებს. ეს 14 625 ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი.

ვაქცინაცია, პირველ რიგში, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს ჩაუტარდებათ.