NCDC: კორონავირუსის ახალი შემთხვევების დრამატული მატება არ ჩანს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კვირის ბოლოსთვის დაზუსტებული მონაცემები ექნებათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა იქონია ახალი წლის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქებამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

თუმცა, როგორც იმნაძე ამბობს, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დრამატული მატება არ არის, რაც მიანიშნებს, რომ მოსახლეობა ახალ წელთან დაკავშირებულ ზეიმებს მაქსიმალურად თავშეკავებულად შეხვდა.

„როდესაც სადღესასწაულო დღეები არის ხოლმე შაბათი-კვირა, იმ დღეს ადამიანები ტესტის გასაკეთებლად ნაკლებად მიდიან. ბოლო ერთი კვირის მონაცემებიც არ არის საგანგაშო, მაგრამ ამის შესახებ დაზუსტებით შეგვეძლება საუბარი ამ კვირის ბოლოს. თუმცა, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მაქსიმალურად თავშეკავებულად შეხვდა ჩვენი მოსახლეობა ახალი წლის ზეიმებს, რაც ძალიან მახარებს, რადგან არ ჩანს დრამატული მატება კორონავირუსის ახალი შემთხვევების“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.