ბიზნესასოციაციები: დაგეგმილი ლოქდაუნის მოხსნა გადადების საშიშროების წინაშეა

1-ელ თებერვალს დაგეგმილი ლოქდაუნის მოხსნა გადადების საშიშროების წინაშეა – ამის შესახებ,  ბიზნესასოციაციაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ათეულამდე ბიზნესასოციაციამ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დარგთაშორისი ინიციატივა გააჟღერეს.

„ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი 1-ელ თებერვალს მთავრობის მიერ დაპირებული ე.წ. ლოქდაუნის სრული მოხსნა კვლავ გადადების საშიშროების წინაშეა. უფრო მეტიც, სხვადასხვა სახელისუფლებო წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა ბოლო განცხადებები მიგვანიშნებს ქვეყნის ხელახალ ლოქდაუნზე.

მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში შექმნილ რთულ მდგომარეობას, გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, ქვეყანა დგას გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის ზღვარზე. გაკოტრებულია არაერთი დარგი, რის გამოც სავალალო მდგომარეობაშია, საგადასახადო სისტემა და საბანკო სექტორიც კი, სუფევს ტოტალური უმუშევრობა (გარდა სახელმწიფო უწყებებისა) უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი, რც ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს,“ -აღნიშნავენ ბიზნესასოციაციები.