PCR ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 4 პატიმარს დაუდასტურდა, ორი მათგანი არის ქსნის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის რუსთავის №17 დაწესებულების და ერთი გლდანის №8 დაწესებულების,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროტოკოლის მიხედვით, ოთხივე შემთხვევაში კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს და ჯამში სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში 30-მდე ინფიცირებულია დადგენილი.
„სიმპტომების იდენტიფიცირების შედეგად, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში PCR ტესტირების შედეგად, კოვიდი 4 პატიმარს დაუდასტურდა, ორი მათგანი არის ქსნის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის რუსთავის №17 დაწესებულების და ერთი გლდანის მერვე დაწესებულების“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მან აღნიშნა, რომ PCR ტესტირება ჩატარებულია 4 დაწესებულებაში და ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ვირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეისთვის ვირუსის კონტროლი სრულად არის მართული და კონტროლს ექვემდებარება. ახალი ეტაპიდან გამომდინარე, როგორც კი პირველი სიმპტომები გამოვლინდა, ჩვენ დავიწყეთ ყველა დაწესებულების ინტენსიური ტესტირება, ინფიცირებული პატიმრების გამოვლენა, იზოლირება და მკურნალობა. ამას სისტემური ხასიათი აქვს და ახლაც გრძელდება. მაგალითად, დღეის მდგომარეობით, PCR ტესტირება ჩატარებულია 4 დაწესებულებაში, ეს არის არასრულწლოვანთა, ქალთა, ბათუმის, გეგუთის დაწესებულებებში“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ გეგუთის ციხეში ვირუსი არ გამოვლენილა. გოჩა ლორთქიფანიძემ დაწესებულებაში ინფიცირებულთა შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
„გეგუთში 763 ტესტიდან ყველა უარყოფითია. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.









