თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 42 წლის მამაკაცმა, ნაცნობს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა. 38 წლის პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავე მკვლელობის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.
როგორც ცნობილი ხდება, შემთხვევა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. ბრალდებული ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. სიტყვიერი დაპირისპირება სტუმარსა და ოჯახის ერთ-ერთ წევრს შორის დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სტუმარმა, ერთ-ერთ მძმას ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1982 წელს დაბადებულ გ.წ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, კ.შ. კი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,” – ნათქვამია განცხადებაში.