რა თანხა ვერ აითვისა რუსთავის მერიამ პანდემიურ 2020 წელს ?

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას პანდემიურ 2020 წელს დაახლოებით 2.5 მილიონი ლარის აუთვისებელი თანხები და ეკონომია დარჩა.

ე.წ. აუთვისებელი თანხების ( გადაჭარბებული ხარჯები) რაოდენობამ 1 700 000 ლარი შეადგინა, ხოლო ბიუჯეტიდან გასულ წელს 750 000 – 800 000 ლარამდე ეკონომია დარჩა.

ეკონომია

რომელი მიმართულებებიდან დარჩა ეკონომია გასული წლის ბიუჯეტში ?

მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან კავთიაშვილის განცხადებით, ბიუჯეტში ეკონომია ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით,ასევე, სოციალური და ინსფრასტრუქტურული მიმართულებებით დარჩა.

ეკონომიიდან დარჩენილი 750 000 – 800 000 ლარამდე შეადგინა:

შიდა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება (დანაზოგი – მუნიციპალიტეტიდან და „აიპებიდან“ შემცირებული კომუნალური გადასახადები) – 170 000 ლარამდე

სოციალური მიმართულებები ( დანაზოგი – სტუდენტთა სოციალური დახმარებებიდან დარჩენილი თანხები, კერძოდ, 50 -ლარიანი სატრანსპორტო შეღავათი; სახელმწიფო სუბსიდირება კომუნალურ გადასახადებზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ გახდა საჭირო ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების მობილიზება)- 200 000 ლარამდე

ინფრასტრუქტურა (დანაზოგი – არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარე: გზები რეაბილიტაციიდან, საზოგადოებრივი სივრცეების რეაბილიტაციიდან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციიდან) – 316 000 ლარამდე

გაუქმებული კულტურული ღონისძიებები – 120 000 ლარამდე

როგორ გაჩნდა ეკნომიები ბიუჯეტში პანდემის პირობებში?

ლევან კავთიაშვილი ეკონომიას რუსთავის ბიუჯეტში არჩევნებს უკავშირებს. მისი თქმით, რომ არა არჩევნებთან დაკავშირბული საკანონმდებლო შეზღუდვები, ეკონომიები შესაბამის მუხლებში და საჭირო პროგრამებში გადანაწილდებოდა.

„პანდემიის წელს ჩვენ დავიწყეთ ეკონომიას ეტაპობრივად გადასროლა პანდემიის სამართავად. ძირითადად სარეზერვო ფონდში მიიმართა თანხები პანდემიის მართვისთვის. აგვისტოს თვემდე მუნიციპალიტეტს შეეძლო ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება და ეტაპობრივად წარმოქმნილი ეკონომიები მიმართული იქნა პანდემიის სამართავად და სხვადასხვა პროგრამებისთვის, არა მარტო პანდემიისთვის.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აგვისტოს ბოლს შეწყდა ბიუჯეტში დამატებითი პროგრამების გაჩენა, გადასროლა და ბიუჯეტის ცვლილებები, რადგან არჩევნების თარიღამდე 60 დღით ადრე შეზღუდულია. აქედან გამომდინარე სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბერი, სანამ არჩევნების მეორე ტურიც არ დასრულდა მსგავსი ცვლილებები არ განგვიხორციელებია, ვგულისხმობ თანხების ახალ პროგრამებში გადატანას. შესაბამისად დეკემბრის თვეში ამ თანხების დახარჯვა ვეღარ მოესწრებოდა და დარჩა შესაბამისი ეკონომიები.“,- განაცხადა ლევან კავთიაშვილმა.

ე.წ. აუთვისებელი თანხების ( გადაჭარბებული ხარჯები)

მუნიციპალიტეტში გადასახადებიდან მატება, დღგ-დან მიღებული თანხები – 1 000 000 ლარი შეადგინა
ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხები (მუნიციპალიტეტის მიერ გასხვისებული ქონებიდან მიღებული) – 300 000 ლარი
სხვა შემოსავლები – 400 000 ლარი შეადგინა
ჯამში 1 700 000 ლარი

როგორ დაგროვდა აუთვისებელი თანხები ?

ლევან კავთიაშვილის თქმით, გადაჭარბებული ხარჯების მობილიზება დეკემბრის ბოლო პერიოდში მოხდა. რის გამოც, 1 700 000 ლარის ათვისება მუნიციპალიტეტმა ვერ მოასწრო.
„20 დეკემბვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შემოვიდა ბიუჯეტში ეს თანხები და 10 დღის განმავლობაში რომ გაწერილიყო ეს ხარჯები ბიუჯეტში, ვერ მოესწრებოდა მისი ხარჯვა 2020 წლის ბიუჯეტში. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა“,- განაცხადა კავთიშვილმა.

სად წავა ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზებული 2.5 მილიონი ლარი ?

მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ეკონომიებიდან და ჭარბი შემოსავლებიდან მობილიზებული თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურული და სოციალური მიმართულებებით გადანაწილდება. ლევან კავთიაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის თანხები დაემატებათ აიპებსაც („რუსთავის კორპუსსა“ და „რუსთავსერცის ცენტრს“).

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ მუხლობრივად რა პრიორიტეტებით განაწილდება 2.5 მილიონ ლარამდე მობილიზებული თანხა, საკითხზე რუსთავის საკრებულო იმსჯელებს და დაამტკიცებს.