რაგბის ნაკრები 2021 წლის პირველ მატჩს რუსეთის წინააღმდეგ გამართავს

ბორჯღალოსნები 2021 წლის პირველ მატჩს რუსეთის წინააღმდეგ – 7 თებერვალს გამართავენ. რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ შედგება და 15 საათზე დაიწყება.

კოვიდ-პანდემიის გამო თამაში ორჯერ გადაიდო. ამავე მიზეზით ტრიბუნებზე გულშემატკივარი ისევ არ დაიშვება. 

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 1993 წლიდან იწყება და პირველ მატჩში მეტოქემ 15:9 იმარჯვა. მას შემდეგ ერთადერთხელ, 2002 წელს დაფიქსირდა ფრე, ხოლო დანარჩენ 21 შემთხვევაში საქართველომ გაიმარჯვა – მათგან 18-ჯერ ზედიზედ. საქართველომ რუსეთი ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს – 46:0 დაამარცხა.