ხელოვანები პანდემიის პირისპირ და კულტურის კრიზისი

პანდემიამ ყველა სფეროს, მათ შორის კულტურის დღის წესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა. უხილავმა მტერმა დააზარალა სხვადასხვა დარგში მომუშავე არტისტები და ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დატოვა ისინი. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, რომ კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანები, პირველ ეტაპზე, შეზღუდვებს გაგებით მოეკიდნენ და ერთობლივი პოზიცია იყო “ჯანმრთელობა უპირველესყოვლისა.” მეტიც, ხელოვნებამ ონლაინ პლატფორმებშიც იპოვა გზა, იმართებოდა სპექტაკლები, კონცერტები, გამოფენები, არაფორმალური ლექციები. მოგვიანებით, ისეთმა შეზღუდვებმა, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა და ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ხელოვნება საბოლოოდ გააჩერა. ხელოვნებამ ისევ დაიწყო ალტერნატიული გზების ძიება და შემოქმედებითმა ადამიანებმა სხვა სფეროებში სცადეს დასაქმება.

დიტო ცეცხლაძე ქუჩის მუსიკოსია, რომელიც TV4-ის ჟურნალისტთან იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლის წინაშეც ხელოვანი ადმაიანები პანდემიის პირობებში დადგნენ.

-დიტო, როგორ იმოქმედა შენზე პანდემიისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა, როგორც მუსიკოსზე?

– შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედა ჩემზე, მატერიალური თვალსაზრისით. ანუ ის შემოსავლები, რომლებიც მქონდა, მაგალითად ბარებში დაკვრით ან კერძო თუ სახელმწიფო კორპორაციულ საღამოებზე მთლიანად განულდა. რაც შეეხება მუსიკალურ ანუ შემოქმედებით ზრდას, ამ კუთხით დადებითად იმოქმედა, ბევრად მეტი დრო მომეცა საკუთარ თავზე მუშაობისთვის.

– სხვა სფეროში თუ სცადე დასაქმება ან ალტერნატიული შემოსავლის მიღებაზე თუ დაიწყე  ფიქრი ?

– რა თქმა უნდა, მიფიქრია ალტერნატიულ დასაქმებაზე, რადგან  შემოსავლების გარეშე დავრჩი და ის სახელმწიფო დახმარებაც კი რომელიც გაიცა იმ ადამიანებზე რომლებმაც სამსახური დაკარგეს ქუჩის არტისტებს არ შეგვეხო. ბარების მეპატრონეებს რომ ვთხოვე დაეწერათ საბუთი რომ ნამდვილად მათთან ვმუშაობდი, უარი მითხრეს. ამის შემდგომ ძალიან ბევრი ვიფიქრე ალტერნატიული შემოსავლის ძებნაზე. ვფიქრობდი სოფელში წასვლაზე, იქ დათესვაზე, დარგვაზე, და ასე შემდეგ. თბილისში კურიერული მომსახურების სფეროშიც ვცადე დასაქმება,  მაგრამ ვერცერთი მოვახერხე.

მთავრობის მიერ შექმნილმა ანტიკრიზისულმა გეგმამ მოიცვა მრავალი სფერო, თუმცა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩდნენ კულტურაში მოღვაწე ადამიანები. სწორედ ამიტომ, ისინი  ონლაინ პლატფორმების საშუალებით საქველმოქმედო კონცერტებს გეგმავენ, თუმცა ეს შემოსავალი ერთჯერადია და რეალურ შედეგს ვერ იძლევა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კულტურაში დასაქმებულმა არტისტებმა, მათი ერთადერთი შემოსავალი დაკარგეს,-დავინტერესდით ეს კრიზისი წარმატებულ ხელოვანებსაც თუ შეეხოთ. ჩვენს კითხვებს, ამჯერად  ყველასათვის საყვარელმა კომპოზიტორმა,  დავით ევგენიძემ უპასუხა.

– ბატონო დავით, როგორ იმოქმედა თქვენზე პანდემიისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა, როგორც ამ სფეროში მოღვაწე არტისტზე, მინდა მესაუბროთ როგორც უარყოფით, ისე დადებით ასპექტებზე?

– პირველ რიგში,მხოლოდ ჩემზე არ მინდა ვისაუბრო. მუსიკოსებს, ვისი შემოსავლები მხოლოდ კონცერტების ჰონორარებია, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნათ. სწორედ ამიტომ პანდემიის პერიოდში გავაკეთეთ პირველ საზოგადოებრივზე, ონლაინ კონცერტების ციკლი, რამაც ცოტათი შეუმსუბუქა მდგომარეობა. რაც შეეხება ცოცხალი კონცერტების არარსებობას, ეს უდიდესი სიცარიელეა ყველა შემოქმედისთვის. რა თქმა უნდა, პანდემია განსაცდელია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია სამყაროს ახლებურად დანახვისთვის და თვითშემეცნებისთვის. მოკლედ რომ ვთქვა, პანდემიამდე დროსთან ერთად მივქროდი და ახლა ამ ხომალდიდან ჩამოვედი.

TV4-ის კიდევ ერთი რესპონდენტია “გილდიას” ლიდერი გიგა ბექაური. ორგანიზაცია კულტურისა სფეროში დასაქმებული ადამიანების უფლებებს იცავს.

 -გიგა, პირველ რიგში მინდა მესაუბროთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.

-სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა კულტურისა და მედიის სფეროში დასაქმებულთა გაერთიანება “გილდია” (დამოუკიდებელი პროფკავშირი), პანდემიის პერიოდში ჩვენი ორგანიზებით გაიმართა რამდენიმე საპროტესტო აქცია. “გილდიის” აქტივისტებმა გამართეს ასევე აქცია-პერფორმანსები, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, 12 დეკემბერს, ყვითელი ლენტებით შემოვსაზღვრეთ თეატრების, მუზეუმების, კინო-თეატრების დაკეტილი სივრცეები, წარწერით „მოკლულია ხელოვნება“. “გილდიას” ფეისბუქ გვერდის დახმარებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა სხვადასხვა საჯარო კამპანიები, როგორიცაა პეტიცია- კულტურის კრიზისის დასაძლევად, ფრეიმი – ნუ მოკლავ კულტურას და სხვა, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა როგორც მედიის, ისე ამ სფეროს წარმომადგენლების მხრიდან.

– გიგა, ამ პრობლემაზე მუშაობისას, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდით ხელისუფლებას?

-ჩვენ ვითხოვთ: შეიქმნას ხელოვანთა ანტიკრიზისული საკონსულტაციო ჯგუფი. დაიწყოს თეატრების მხარდაჭერა, ტექნოლოგიური გადაიარაღებისთვის. სახელმწიფომ უზრუნველყოს ხელოვნების სფეროში დასაქმებულთა ხელმისაწვდომობა ანტიკრიზისულ-სოციალურ დახმარებაზე. დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის შემუშავდეს დახმარებისა და შეღავათების დამატებითი პაკეტები.

საქართველოში უფუნქციოდ დარჩა თეატრი, საკონცერტო დარბაზები, კაფე- ბარები, კინო და სხვა კულტურული დაწესებულებები, რომელთა დახურვამაც უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა. ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო მათთან კონსულტაციის საფუძველზე ქმედით ნაბიჯენს გადადგავს და უყურადღებოდ არ დატოვებს.

 

ავტორი: თამარა ბიბილაშვილი