მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მიმდინარეობს

საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს, – ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტესტირების პროცესს სახელმწიფო უზრუნველყოფს.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20 პროცენტის სავალდებულო სისტემატური პისიარტესტირება ორ კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე.წ. სწრაფი ტესტით მოწმდებიან.

სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს არეგისტრირებს ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიების მიერ პერსონალის ტესტირების პროცესი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება. სკოლები უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით“, – ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.