გაბუნია: ვფიქრობთ, თებერვლის ბოლომდე გვექნება საშუალება გავხსნათ ვაქცინაციის ცენტრები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თებერვლის ბოლოს ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნება და 15 000-მდე სამედიცინო პერსონალი აიცრება.

როგორც თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, პირველი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოვა, Pfizer-ის იქნება და ვაქცინაცია მხოლოდ ჰოსპიტლებში ჩატარდება.

,,ვაქცინას ველოდებით უკვე მალე. ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლომდე გვექნება საშუალება გავხსნათ ვაქცინაციის ცენტრები და დაიწყოს 15 000-მდე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის პროცესი. როგორც მოგეხსენებათ, პირველი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოვა, Pfizer-ის ვაქცინა იქნება. დღეს უკვე მობილიზებულია 10 ვაქცინაციის ცენტრი და ვაქცინაცია Pfizer-ით ჩატარდება მხოლოდ ჰოსპიტლებში, რომლებსაც ექნებათ გარკვეული მოთხოვნები. რეგულირების სააგენტო განახორციელებს აქტიურ ვიზიტებს მოსამზადებლად და იმისათვის, რომ როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა, მეორე დილიდანვე დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.