მარნეულის საბავშვო ბაღებში სწავლა მარტიდან განახლდება

მარნეულის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი მარტიდან განახლდება. ამის შესახებ TV4-ს მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზაურ ქარიმოვმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბაღებში სწავლის დაწყებამდე ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართულობით, ბაღის პედაგოგებს კორონავირუსზე გამოიკვლევენ. ამასთან, მასწავლებლებს „კოვიდ-19“-ზე ტესტი ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ.

მისივე ინფორმაციით, მარნეულში სწავლასავარაუდოდ, თოთხმეტივე სააღმზრდელო დაწესებულებაში აღდგება. გამონაკლისი შესაძლოა იყოს შულავერის საბავშვო ბაღი, რომელთან დაკავშირებითაც სამხარაულის ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

ბაგა-ბაღების გაერთიანების შვიდ ფილიალში,  დასრულდა ელექტროღუმელების დამონტაჟების სამუშაოები, შესაბამისად, გაერთიანების ინფორმაციით, აღნიშნულ ბაღებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

ქარიმოვის განმარტებით, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 2021 წელს აღსაზრდელების კვებისათვის გათვალისწინებული პროდუქტების შესყიდვისათვის ტენდერები უკვე გამოაცხადა.

ინფორმაციისთვის, მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ საკვები პროდუქტების შესყიდვისთვის 9 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულებაც 180 660 ლარს შეადგენს.