ვინც თითქოს ჩემს სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს თანხას, იქნება ჩემი მტერი და მას ვამხელ, როგორც სუს-სთან მჭიდრო კავშირში მყოფ პირს,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელია განაცხადა.
ენმ-ს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს და ამისთვის აუცილებელია სპეციალური კოდი, რომელიც პროკურატურაში ინახება.
“კიდევ ერთხელ ძალიან საჯაროდ მინდა, განვაცხადო, ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული თითქოს გირაოს გადახდას არ ვაპირებ, რადგან ამ ყველაფერის კეთება ჩემი მხრიდან არის სირცხვილი და დანაშაულიც, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს, საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილი – ე.წ. გავრილოვის საქმე.
მეორეც, ფიზიკურად შეუძლებელია, ნებისმიერმა მსურველმა გადაიხადოს თანხა, მეც კი, რომც მინდოდეს, რადგან თანხის გადასახდელად აუცილებელია სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში და პროკურატურამ უნდა გადასცეს ბრალდებულს ან მის ადვოკატს.
ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის ამ მოთხოვნით. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის უცნობი ყველასთვის. ანგარიში, რომელზეც თითქოს თანხის შეტანა უნდა მოხდეს, ეკუთვნის საქართველოს ბანკს, მაგრამ ვერავინ შეიტანს შესაბამის თანხას, თუ არ ექნება უნიკალური კოდი. მინდა, მივმართო თხოვნით, პატივისცემით „საქართველოს ბანკს“, რომ თუ მოხდება შესაბამის ანგარიშზე ჩემს სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა. მოგმართავთ თხოვნით, ეს არის არა მხოლოდ უფლების დარღვევა, არამედ კანონის დარღვევაც. ამიტომ, იმედია, ამის მონაწილე არ გახდება ჩემთვის საპატივცემულო საბანკო დაწესებულება – „საქართველოს ბანკი“. ძალიან გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ.
ძვირფასო ხელისუფლებავ, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ ნიკა მელია, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არ იხდის უკანონოდ დაკისრებულ თანხას, მორჩა და გათავდა. ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც იქნება ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული, მითიური რაღაცა პერსონა, რომელზეც ნადირობს დღეს მთელი „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებული მედია, პლუს „ოცნების“ დეპუტაცია, თუ ასეთი ვიღაც აღმოაჩინეს, პირდაპირ გეუბნებით, რბილად რომ ვთქვა, იქნება ჩემი არაკეთილმოსურნე და პირადად მე მომიწევს მხილება ამ ადამიანის, რომ ის არის მჭიდროდ დაკავშირებული სპეციალურ უსაფრთხოების სამსახურთან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც „თითქოს მის სასარგებლოდ შეიტანს თანხას, იქნება მისი მტერი, არაკეთილმოსურნე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდრო კავშირში“.