ნათელაშვილი: რაც მეტს დაგვიჭერენ, უფრო მალე დაინახავს მსოფლიო, ვისთან აქვს საქმე

რაც მეტს დაგვიჭერენ, მეტს მიგვცემენ პასუხისგებაში, უფრო მალე დაემხობიან, უფრო მალე დაინახავს მსოფლიო, ვისთან აქვს საქმე და ვის უჭერს მხარს ზოგიერთი სამარცხვინო ელჩი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ არავითარი თანხა არ უნდა გადაიხადოს. მისივე თქმით, დაუმორჩილებლობის პროცესი გამწვავდება.

„დაუმორჩილებლობა მიდის. დაუმორჩილებლობა ამ ეტაპისა დაიწყო მაშინ, როცა ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და ეს რეჟიმი აუცილებლად ჩამოიქცევა. რა თქმა უნდა, გამწვავდება დაუმორჩილებლობის პროცესი, არ უნდა გადაიხადონ.

ჩვენ მასობრივ დარღვევაზე უნდა წავიდეთ კომენდანტის საათში, რადგან კოვიდს და ინფექციას ივანიშვილი იყენებს გამდიდრებისა და ჩვენი სახლში ჩაკეტვისთვის, რათა მის რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს დაუმორჩილებლობაა, არავითარი თანხა ნიკამ არ უნდა გადაიხადოს. რაც მეტს დაგვიჭერენ რაც მეტს მოგვცემენ პასუხისგებაში, უფრო მალე დაემხობიან, უფრო მალე დაინახავს მსოფლიო ვისთან აქვს საქმე და ვის უჭერს მხარს ზოგიერთი სამარცხვინო ელჩები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მედიის კითხვაზე, კანონის დაუმორჩილებლობა არის თუ არა ოპოზიციის გეგმა, “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი პასუხობს, რომ გეგმასთან ერთად, აღნიშნული ისტორიული მოთხოვნილებაა.