ოხანაშვილი: ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწევთ კომისიის წინაშე მოსვლა

ოპოზიცია არჩევნების გაყალბების ფაქტებზე დაყრდნობით თუ საუბრობდა, მაშინ ეს ფაქტები საგამოძიებო კომისიაზე წარადგინონ,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ანრი ოხანაშილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიაში მონაწილეობა თუ არ სურთ, ეს ნიშნავს, რომ გაყალბების ფაქტები არ ჰქონდათ და თავიანთი სუბიექტური დღის წესრიგით ცდილობდნენ, საზოგადოებაში განწყობის შექმნას.

„თუ ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა, მაშინ ეს ფაქტები წარადგინონ დროებით საგამოძიებო კომისიაში, სადაც თავად მოუწევთ პროცესებში აქტიური ჩართვა. თუ ფაქტები აქვთ, წარადგინონ და საზოგადოებას აჩვენონ, როგორ გაყალბდა არჩევნები, რასაც თავად ამბობენ. თუ ახლა იმას ამბობენ, რომ მონაწილეობა არ სურთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტები არ ჰქონიათ და მხოლოდ თავიანთი სუბიექტური დღის წესრიგით ცდილობდნენ, შეექმნათ განწყობა, თითქოს არჩევნები გაყალბდა. სხვას ვერავინ ვერაფერს ამოიკითხავს, რადგან თუ ფაქტები ჰქონდათ, დადონ და საზოგადოებას საჯაროდ აჩვენონ. იმას ხომ არ იტყვიან,  რომ ფაქტები არ აქვთ და ახლა ცდილობენ, ეს სხვანაირად „შეფუთონ“. ყველას შევახსენებ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომა სავალდებულოა, იციან, რომ არავის ჰქონდა უფლება, კომისიაში მოსვლაზე ეთქვა უარი, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. რეგლამენტის ეს ჩანაწერი იციან, ამიტომ, კომისიაში გამოკითხვაზე მოსვლა მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული, მათ მოუწევთ, კომისიის წინაშე მოსვლა და ფაქტების წარდგენა, თუ აქვთ. არავინ დაავალდებულებთ, კონკრეტული ფაქტი მოიტანონ, მაგრამ თუ ჰქონდათ, პასუხის გაცემა მოუწევთ, რა ფაქტებზე საუბრობდნენ. თუ ეს ფაქტები არ ჰქონდათ, საზოგადოება ნახავს. რეგლამენტის სავალდებულო მოთხოვნაა, როცა პირს კომისია იბარებს, მივიდეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.