საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტს მოუწოდებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს.
“მინდა, დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ქვეყნისათვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი: – ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს, პატივის სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს. – უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი. მას ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ და გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ასეთ პოლიტიკურ ბერკეტებსა და რეალურ გავლენაზე უარის თქმა პოლიტიკურად გაუგებარია.
“უარის თქმა ასეთ პოლიტიკურ ბერკეტებზე და რეალურ გავლენაზე ცოტა არ იყოს პოლიტიკურად გაუგებარია, მით უმეტეს, ახლადშექმნილი პარტიებისგან. ამ როლთან ერთად ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩევლის წინაშე, რომელსაც დაჰპირდა გამარჯვებას და არა ქუჩაში დგომას. დაჰპირდა საპარლამენტო ტრიბუნიდან ალტერნატიული პოლიტიკური პოზიციების წარდგენას და მათი კანონმდებლობით და არა ბოიკოტით შესრულებას. ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ ასეთ აქტიურ ჩართულობას და მანდატების ამოქმედებას. დღეს ამომრჩევლის ნდობა პარტიებისა და სისტემის მიმართ სასწორზე დგას. უმრავლესობის პასუხისმგებლობაც დიდია: მას არანაკლებ სჭირდება ოპოზიცია, რომელიც გადაწყვეტილებებს კითხვის და კრიტიკის ქვეშ დააყენებს – ეს დემოკრატიული სისტემისთვის აუცილებლობაა”, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.