“არ იყო მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა”: ელისაშვილი პარლამენტში

“არ იყო იცით მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა. იცით, რა გამოვიარეთ მეც და ლევან იოსელიანმაც, ჩვენმა პარტიამ, სანამ აქამდე მოვიდოდით, თუმცა ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით აქ”, — განაცხადა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, რომელსაც დღეს პარლამენტში პირველი სამუშაო დღე აქვს.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების შედეგად 4 პოლიტპატიმარია თავისუფალი და ისევ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ბოლოს მოლაპარაკებებში მხოლოდ პარტია მოქალაქეები მონაწილეობდა.

“ჩვენ აქ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარი არის გათავისუფლებული, ვისზეც ვლაპარაკობდით და ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მე და ლევანი შემოვრჩით და იმ მოლაპარაკების შედეგად გამოვიდა ბოლოს 2 ადამიანი. ასევე, გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სინამდვილეში არის ამ ქვეყნის პერსპექტივა. პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ სწორედ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობას”, — განაცხადა მან.

მანვე აღნიშნა, რომ მემორანდუმში მხოლოდ 1 პუნქტია, რომელსაც ოპოზიციის პარლამენტში შესვლა სჭირდება და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამისთვის მაინც ისინი ერთი დღით უნდა შევიდნენ პარლამენტში. საუბარია, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე.

“მემორანდუმში არის ძალიან ბევრი პუნქტი ჩამოთვლილი. ერთადერთ საკითხს სჭირდება საპარლამენტო არჩევნების 113 ხმა და იმ ერთადერთ საკითხზე მაინც შემოვიდეს ოპოზიცია, თუ უნდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი”, — განაცხადა მან.

დღეს, 2 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პლენარული სხდომაზე განსახილველი ერთადერთი საკითხი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაა.