ბათუმში მოსწავლეს ​კორონავირუსი დაუდასტურდა

სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში კორონავირუსი მეათეკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა. კლასი 12 დღით იზოლაციაში გადავიდა და დისტანციური სწავლების რეჟიმს დაუბრუნდა.სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება.

როგორც სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, მათ ინფორმაცია ინფიცირებული მოზარდის მშობელმა მიაწოდა, მოსწავლე იმ დღეს სკოლაში არ იმყოფებოდა.

“კლასის მთელი შემადგენლობა გადავიდა იზოლაციაში. მათ 12 დღის განმავლობაში გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარდებათ. ისინი ისედაც ჰიბრიდული მოდელის მიხედვით სწავლობენ. რაც შეეხება მასწავლებლებს, ყველა მათგანი დისტანციის დაცვით, პირბადით იმყოფებოდა კლასში. სასწავლო პროცესი სკოლაში გრძელდება“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა, გივი ხალვაშმა.