გიგი უგულავა: ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას

დღევანდელი დღე იძლევა სივრცეს მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა,  მიუხედავად იმისა, რომ მძიმე კოლაფსშია ხელისუფლება, მან უნდა გააცნობიეროს, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს.

მისი თქმით, მოლაპარაკება უნდა შეეხებოდეს რიგგარეშე არჩევნებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საარჩევნო რეფორმას.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს დილით გადადგა საქართველოს ფაქტობრივი პრემიერ-მინისტრი და ნიკა მელიას დაპატიმრების უკანონო ბრძანება გადავადებულია. თავისუფალი ხალხის მშვიდობიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი თავისუფალი ადამიანია, რომელიც არ შეეგუებოდა და არ შეეგუა გავრილოვის ხარკის გადახდას. ამასთანავე, ჩვენი პრინციპული პოზიციაა გაყალებული არჩევნების პირველივე დღიდან იყო მშვიდობიანი მოლაპარაკება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად. დღევანდელი დღე იძლევა სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე კოლაფსშია ხელისუფლება, მან უნდა გაანობიეროს, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მოლაპარაკება შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთ და მთავარ საკითხზე – ეს არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას იმისთვის, რომ ქვეყანა არ გადაყვეს შლეგი კობახიძის, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პარლამენტის თავმჯდომარის და გაუგებარი მდინარაძის კარიერულ ამბიციებს. დღეს არსებობს სივრცე მოლაპარაკებისთვის. ეს სივრცე შექმნეს ამ ადამიანებმა, რომლებიც დღე და ღამე საკუთარი ქვეყნის ჰიმნს მღეროდნენ და გამარჯვების სჯეროდათ. მეგობრებო, გამარჯვება ახლოს არის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე. არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას, თუნდაც რიტორიკის დონეზე ილაპარაკოს არეულობაზე, იმიტომ,რომ ჩვენი ამოცანაა ამ ხელისუფლების გასტუმრება არჩევნების გზით“,-განაცხადა უგულავამ.