საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მანდატების გარდა, დიალოგის საგანი არაერთი საკითხია.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტული პრობლემები აქვთ და პანდემიის გამო, ოჯახების რჩენა უჭირთ.
“დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, მანდატების გარდა, დიალოგის საგანი არის უამრავი. საქართველოს მოქალაქეებს დღეს აქვთ კონკრეტული, ყოველდღიური პრობლემები. მათ გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო უჭირთ ოჯახების რჩენა, ელემენტარულად, მათ ჯანმრთელობას აქვს უამრავი რისკი, პანდემიიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციის მიერ მანდატების გაუქმების მოთხოვნაზე საუბრისას აღნიშნა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოპოზიციას მანდატი საქართველოს მოქალაქემ განუსაზღვრა.
„პარლამენტში არის არჩეული დეპუტატის ადგილი, რომელსაც ეს მანდატი საქართველოს მოქალაქემ განუსაზღვრა და თქვა, რომ პარლამენტშია თქვენი ადგილი, ბატონებო. იქ იშრომეთ და იზრუნეთ ჩემზე და მომიგვარეთ ის პრობლემები, რომელიც მე მაქვს. ვიღაცას ესმის ეს პასუხისმგებლობა და ვიღაცას არ ესმის. ვისაც ესმის, ის შრომობს პარლამენტში, ვისაც არ ესმის, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს იმას, ვისაც ეს ესმის. ჩემი საბოლოო პასუხი გახლავთ ის, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნაზე“, – განაცხადა გახარიამ.