დასავლეთში ცოფის შემთხვევები იზრდება: რა ვითარებაა ქვემო ქართლში?

ქობულეთში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, ჯიხანჯური, წყავროკა და ცხრაფონა კარანტინშია. ცხოველებს სავალდებულო ვაქცინაციას უტარებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხრაფონაში მკვდარი ტურა საკარმიდამო ნაკვეთში ადგილობრივმა იპოვა. ეს სოფელში ცოფის მეორე დადასტურებული შემთხვევაა. ამასთან, ცოფის პირველი შემთხვევა სოფელ ცხრაფონაში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა.

ცოფი დადასტურდა წყავროკაშიც. ორივე სოფელში 60 დღიანი კარანტინი გამოცხადდა და ცხოველების სავალდებულო, მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.

ინფორმაციისთვის, კარანტინი სოფლების ჩაკეტვას არ გულისხმობს. ორი თვის განმავლობაში, ამ სოფლებში რძისა და ხორცპროდუქტების რეალიზაცია აკრძალულია. ადგილობრივებს არ აქვთ უფლება,  შინაური ცხოველები გარეთ გაუშვან.

Tv4 დაინტერესდა რა ვითარებაა ქვემო ქართლის რეგიონში. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განაცხადა, მიმდინარე წელს ქვემო ქართლის რეგიონში, ორ თვეში ცოფის ორი შემთხვევა მაწანწალა ძაღლებში დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, სხვა ცხოველებში ცოფი არ ფიქსირდება.