ელისაშვილი: ორნი კი ვართ, მაგრამ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას

პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ორნი კი ვართ, მაგრამ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც „მოქალაქეები“ ეწოდება , – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ფაქტი და ზოგს არ სურს, გაითავისოს.

„პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ჩვენ თუ პარტიად არ აღგვიქვამთ, კი ბატონო. ორნი კი ვართ, მაგრამ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც „მოქალაქეები“ ეწოდება. ეს ვიღაცას უნდა გაითავისოს, ვიღაცას – არა, მაგრამ ეს არის ასე“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტმა ძალიან მკაცრად უნდა მოთხოვოს მთავრობას ყველაფერზე პასუხი, მათ შორის, იმაზეც, რომ ხელგაშლილად არ უნდა ცხოვრობდეს ღარიბი და ღატაკი ქვეყნის მთავრობა.

„ყველაზე საინტერესოა, რას ფიქრობს და აპირებს თუ არა „შემოუჭიროს ქამრები“ მთავრობასა და პარლამენტს, რადგან ამ შენობაში მუშაობა კარგია, კომფორტია, მაგრამ გარეთ სულ სხვა რეალობა გვაქვს, სადაც ხალხს ძალიან უჭირს. მთავარი პოლიტიკური ორგანო პარლამენტია, შესაბამისად, ძალიან მკაცრად უნდა მოთხოვოს პარლამენტმა ყველაფერზე პასუხი მთავრობას, მათ შორის, იმაზეც, რომ ხელგაშლილად არ უნდა ცხოვრობდეს ღარიბი და ღატაკი ქვეყნის მთავრობა. რაც შეეხება პარლამენტისა და ოპოზიციის ბოიკოტს, ბოლო დროს ოპოზიციის კრიტიკით ვარ დაკავებული, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ჩემთვის გაუგებარი იყო, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში რომ არ იყო წარმოდგენილი, როცა საარჩევნო ცვლილებებს იხილავდა „ქართული ოცნება“. ეს გაუგებარი იყო, რადგან ამისთვის ვიბრძოდით, ამისთვის ვჩხუბობდით და რასაც ვუყურებდი, ძალიან უცნაური სურათი იყო, რომ „ქართული ოცნება“ და უცხოელი ელჩები მონაწილეობდნენ მხოლოდ საარჩევნო ცვლილებების განხილვაში. ეს ძალიან გაუგებარი იყო“, – განაცხადა ელისაშვილმა.