ვაშაძე: მოგიწოდებთ, ნიკა მელის დაკავებაზე ხელი აიღოთ

მოგიწოდებთ, ნიკა მელის დაკავებაზე ხელი აიღოთ და დაუყოვნებლივ დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, დაიწყონ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან.

„კიდევ ერთხელ მივმართავ ღარიბაშვილს, კობახიძეს, ივანიშვილს თუ ნებისმიერ ადამიანს, მეგობრებო, არ არის ახლა ის დრო, როცა ჩვენ უნდა წავიდეთ დაპირისპირების გზით. არ შეიძლება პროცესის გაწელვა, არ შეიძლება მოლოდინის გაწელვა. დაუყოვნებლივ მოგიწოდებთ, ნიკა მელის დაკავებაზე ხელი აიღოთ და დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, სრულად ოპოზიციური სპექტრი მზად არის შეთანხმებისთვის.

„გუშინ ყველას ერთიანი ძალისხმევით თავიდან ავირიდეთ ძალიან მძიმე კრიზისი, ძალიან მძიმე დაპირისპირება, რომელიც შეიძლება მომხდარიყო. თუმცა დღეს ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური კრიზისი, მძიმე პოლიტიკური ფონი არსად გამქრალა და კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ყველა მხარის მხრიდან. „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი, დაპირისპირება ან შეთანხმება და თანამშრომლობა. სრულიად ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელი“, მზად ვართ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის. მთელი ცივილიზებული სამყარო, აშშ, ევროკავშირი – ყველა ჩვენი მხარდამჭერი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ხელი აიღოს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისგან, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება. ჩვენმა მეგობარმა ელჩებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს, რომ ქვეყანაში დაპირისპირება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.

„ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ დავასრულოთ ქვეყანაში დაპირისპირება და დავიწყოთ ნორმალური განვითარების პროცესი, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივცეთ შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყნის მართვას მომდევნო პერიოდში და რაც მთავარია, მივცეთ საქართველოს ნორმალური განვითარების პერსპექტივა“, – განაცხადა ვაშაძემ.