თბილისის შემოსავლელ გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამასთან, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ28–კმ158 (ნატახტარი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ მონაკვეთზეც, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა- ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიურად თოვს გომბორის უღელტეხილზეც . თელავის საგზაო სამმართველოს ინფორმაციით, დაბალი ხილვადობის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა.

დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე, სოფელ გომბორიდან თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.