თურნავა: კომენდანტის გაუქმებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, რადგან არ შეიძლება, ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ, ჯერ ამაზე მსჯელობა არ არის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არის სფეროები, რომლებზეც საკოორდინაციო საბჭო პირველ რიგში იმსჯელებს. მინისტრის თქმით, ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა შეიძლება, ისევ პრობლემა შექმნას.

„ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიება, რაც ჩვენ საბჭოს გადაწყვეტილებით განვახორციელეთ ნოემბერში, როდესაც დავაწესეთ ეს წერტილოვანი შეზღუდვები, იყო ღამის საათების შეზღუდვა. არ დავაქმევდი ამას კომენდანტის საათს, ის გაცილებით უფრო მკაცრი რამ არის. სწორედ ამ გადაწყვეტილების, ამ ზომის გამო, ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე და ცალსახად ვთქვათ, რომ ეს იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებშიც და მათ შორის, საქართველოშიც მოგვცა პოზიტიური ეფექტი. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, რადგან არ შეიძლება, ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ არის, ჩვენ ვმსჯელობთ შემდეგ ნაბიჯებზე, დარჩა ჯერ კიდევ ბიზნეს სექტორები, სადაც ჩვენ არ შეგვიმსუბუქებია მიდგომა და კვლავ ვერ გავხსენით საბავშვო ბაღები, ფიტნეს ინდუსტრია და სპორტული ობიექტები. თუმცა, ორივე სფერო ჩავსვით „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში სესხის სუბსიდირების თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. პირველ რიგში, ვიმსჯელებთ ამ სფეროებზე, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, ხოლო ღამის საათების შეზღუდვას სავარაუდოდ უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ. ნუ ვიჩქარებთ, რადგან შეიძლება, ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა შემდეგ პრობლემა შექმნას და გვაიძულოს, უკან გამოვითხოვოთ, რაც ძალიან არ გვინდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.