თურნავა: მკაცრად მოვითხოვთ ყველა წესის დაცვას

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ შესაძლებლობა გააჩინა, რომ ერთი კვირით ადრე გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქებულიყო. მისივე თქმით, ეს არის გეგმაზომიერი, რაციონალური და კრიტერიუმებზე დაფუძნებული მიდგომა.

ამასთან, როგორც თურნავა ამბობს, თითოეული მქალაქისა და ბიზნესის პასუხისმგებლობაა, დაიცვან წესები, რათა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდეს.

„როგორც ვპირდებოდით და ვეუბნებოდით მოსალხოებას, საზოგადოებას, ბიზნესს, რომ ჩვენი წინასწარი გრაფიკი არის დიდად დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარება არის ქვეყანაში და ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი, სწორედ გეგმაზომიერი, რაციონალური და კრიტერიუმებზე დაფუძნებული მიდგომის დასტურია ის, რომ ჩვენ შევძელით თუნდაც ღია და დახურული ბაზრობები ერთი კვირით ადრე იხსნება, რესტორნები ღია სივრცეების ნაწილში 15 თებერვლიდან აღადგენენ ფუნქციონირებას. ანუ ის წარმატებული მოდელი, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, პირველი თებერვლიდან აჭარაში, დანარჩენ საქართველოში არის გადმოტანილი.

რა თქმა უნდა, ეს არ არის უპირობო გახსნა, პირობა არის ეპიდვითარება და დადებითობის მაჩვენებელი. თითოეული ჩვენგანის და მათ შორის, ბიზნესების პასუხისმგებლობა არის, რომ არ მოხდეს გაუარესება და ყველანი არ დავდგეთ იმ სამწუხარო აუცილებლობის წინაშე, რომ ნეგატიურად გადაიხედოს ჩვენი გადაწყვეტილებები. ეს ძალიან არ გვინდა. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ შეგვიძლია ბიზნესებს კონკრეტული თარიღები ვუთხრათ, მაგრამ ძალიან მკაცრად მოვითხოვთ ყველა წესის დაცვას და პასუხისმგებლობაც ამ თვალსაზრისით, მკაცრდება. ეს ვფიქრობ, სავსებით სამართლიანია. დარწმუნებული ვარ, ყველა პასუხისმგებლიანი ბიზნესი გაგებით მიუდგება, რომ ერთი მხრივ, ჩვენ ვაძლევთ მათ ნაადრევად ფუნქციონირების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, გაორმაგებულად მოვთხოვთ, მათ შორის, ეს შეეხება სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, სანქციებს და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.