საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რესტორნების თვითნებურად გახსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა. როგორც რესტორნების ასოციაციამ დაანონსა, ობიექტები ექვსი იანვრიდან თვითნებურად აპირებენ გახსნას.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ რესტორნების მხრიდან კანონდარღვევა და დაუმორჩილებლობა მიუღებელია და ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
თურნავას განცხადებით, რესტორნები დაუმორჩილებლობის გამოცხადებით მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობას გააფუჭებენ.
„გასაგებია, რომ იმის გამო, რომ რესტორნები დანარჩენ საქართველოში ვერ იხსნება, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონისა და ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა, არის მიუღებელი. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი რეაქცია, მაგრამ ვინაიდან ჩვენ პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ თუ როდის შეიძლება იგივე აჭარის მოდელი, სადაც ჯერ ღია სივრცეები გავხსენით, გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვეძებთ გამოსავალს, აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება და იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენ შორის. ასეთი ქმედება, რომელიც არის დაკავშირებული კანონის დარღვევასთან, დაუმორჩილებლობასთან, ძალიან გაართულებს ამ დიალოგს და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ასე არ მოხდება,“- განაცხადა თურნავამ.
სხდომის დასრულების შემდეგ საკითხს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც გამოეხმაურა. თამარ გაბუანიას თქმით, შეფასებულია, რომ რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია.
როგორც გაბუნიამ განმარტა, პირველ რიგში, გახსნა შეეხება იმ აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ზოგადად, შეფასებულია, რომ რესტორანში რისკი არის მაღალი. რესტორანში ადამიანები ვერ იყენებენ ნიღაბს, რაც დაცვის მთავარი საშუალებაა. ჩვენ ვსაუბრობთ თანმიმდევრულ გახსნაზე, პირველ რიგში, გახსნა შეეხება იმ მაქსიმალურად აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რასაც შემდეგ ეტაპობრივად მოჰყვება სკოლა. ეს არის ლოგიკური თანმიმდევრობა, რაც რისკების მიუხედავად, ეტაპობრივად უნდა გადავანაწილოთ და ასე გავყვეთ. სწორედ ასეც არის დაგეგმილი. როდესაც ცნობილია რისკის მაღალი დონე, ამ შემთხვევაში ექსპერტირება არის დაუშვებელი. ეტაპობრივი, თანმიმდევრული და მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომები არის მისაღები, რასაც ჩვენ გახსნის პროცესში ვიყენებთ. გახსნა მდგრადი უნდა იყოს. დღეს გახსნა და ხვალ დასაკეტი გაგიხდეს, ეს ყველაფერი ადამიანის სიცოცხლე უკავშირდება, ამიტომ, ისეთი ტიპის დაშვებები მიუღებელია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.