სჭირდება, თუ არა კოვიდგადატანილ პაციენტს ვაქცინაცია ?

ვირუსი ვისაც გადატანილი აქვს, მას ვაქცინა მაინც სჭირდება, თუმცა ჩვენი პროტოკოლის თანახმად, პერიოდი დადასტურებიდან ვაქცინაციამდე არის სამი თვე. მათ მეორე, მესამე კვარტალში მოუწევთ ვაქცინის გაკეთება. რაც შეეხება ბავშვებს, „ფაიზერის“ ვაქცინა ამბობს, რომ 19 წლიდან ზემოთ არის მისი გაკეთება რეკომენდირებული, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში მითითებულია 16 წლიდან და ზემოთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, გეგმის მიხედვით, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლიდან, ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე.

„როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ბავშვებში, რადგან ჯერ ეს მონაცემები არ არსებობს, მაშინ, სავარაუდოდ, მაწარმოებელი გადახედავს თავის პროტოკოლს და ჩვენს განვავრცობთ სხვა ჯგუფებზეც“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მარტის დასაწყისში საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინასაც ელოდებიან.

„მოლაპარაკება დაწყებულია „ასტრაზენეკასთან“ და თებერვლიდან, მარტისკენ უნდა შემოვიდეს პირველი დოზები. მიმდინარე პროცესში მწარმოებელმა, შესაძლოა შეცვალოს ჩვენებები, სამიზნე ჯგუფები. რაც შეეხება ეჭვებს, რომ „ასტრაზენეკა“ შეიძლება არ იყოს ეფექტური ან ნაკლებად ეფექტური იყოს 65 წლის ზემოთ პირებისთვის, ამას დასაბუთება სჭირდება. თუ ასეთი რამ დასაბუთდა, კარგია, რომ არჩევანის შესაძლებლობა გვექნება და მეორე, მესამე კვარტლიდან მოსალოდნელი აღიარების პროცესში არის რამდენიმე ახალი ვაქცინა, რომელსაც აქვს სავარაუდოდ, მაღალი ეფექტურობა და მათი გამოყენება შესაძლოა, განვიხილოთ“, განაცხადა გაბუნიამ.