ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თეორიულადაც კი, რა უნდა მომხდარიყო, მათი ეს სპეკულაცია სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი კითხვებზე ოპოზიციის წარმომადგენლების პასუხს ელის.
“მოგეხსენებათ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
რა თქმა უნდა, ძალაში რჩება პირობა – თუ 1%-იან სიყალბეს და გადახრას ,,ქართული ოცნების’’ სასარგებლოდ გამოძიების შედეგად ვინმე იპოვნის საარჩევნო შედეგებში, ჩვენ ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს.
ერთადერთი, რაც ამის საპირისპიროდ ოპოზიციიდან არგუმენტად ფრაგმენტულად გვესმის ხოლმე, არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და გაუგონარი ვერსია, რომლის მიხედვითაც – უკვე გვიანია. საუბრობენ იმაზე, რომ ,,დოკუმენტები უკვე გასწორებულია’’ და ა.შ. შეუძლებელია ამაზე განმარტება არ მოვითხოვოთ მათგან.
ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თეორიულადაც კი, რა უნდა მომხდარიყო, მათი ეს სპეკულაცია სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს. ოპოზიციის წარმომადგენელი 11 000-ზე მეტი კომისიის წევრის ხელმოწერა შეიძლება იყო გაყალბებული თუ ეს 11 000-ზე მეტი ადამიანი მუქარით ან მოსყიდვით ვინმემ მიიყვანა და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინა? ან შეიძლება სხვა ვერსია აქვთ თავიანთი აბსურდული არგუმენტების გასამყარებლად.
ჩვენ, ბუნებრივია, ველით კითხვაზე პასუხს, თუმცა აქვე მოვუწოდებთ მათ, რომ ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებას მსგავსი ცრუ ნარატივებით და ნუ იქნებიან დაბალი წარმოდგენის ხალხზე, რომელიც ამ საზოგადოებას წარმოადგენს”,- განაცხადა მდინარაძემ.