მდინარაძე: ომბუდსმენს პასუხის გაცემა მოუწევს

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველს პასუხის გაცემა მოუწევს, თუ რა იყო ასეთი ემოციური განცხადების საფუძველი.

მისივე თქმით,  ნინო ლომჯარია უახლოეს მომავალში ანგარიშით უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე და დღევანდელი განცხადების მოტივთან დაკავშირებით ომბუდსმენს პასუხის გაცემა მოუწევს.

“სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში ანგარიშით უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე. მას მოუწევს, პასუხის გაცემა კითხვაზე: რით იყო მისი ეს განცხადება გამოწვეული? მაშინ როდესაც სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა, იმ ძალიან კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ღონისძიებას შსს-ს მიერ, რაც დღეს განხორციელდა, დაზიანებების, რისკების მაქსიმალური დაზღვევით. რაც შეეხება სახალხო დამცველს მას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. თავისი სამართლებრივი არგუმენტებით და მისი განცხადების მოტივთან დაკავშირებით. ჩვენ მას ამ კითხვებს საქართველოს პარლამენტში დავუსვამთ. ამ კითხვებს ვერავინ გაექცევა, თუ რა იყო ასეთი ემოციური განცხადების საფუძველი“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.