მდინარაძე: ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც რაციონალურად ფიქრობენ

ფაქტია, რომ ოპოზიციური ერთობა არ არსებობს. არის რადიკალური ოპოზიცია და დღეს უკვე ანარქისტები. მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც როგორც ჩანს, შედარებით რაციონალურად ფიქრობენ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებმა პერსპექტივა ვერ ნახეს და ოპოზიციას გაემიჯნენ.

მისივე განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ჩამოშლის რეჟიმშია და ისინი თავისი ქცევით ჩარჩოებიდან გასვლის გეგმას ადასტურებენ.

„ვინც ოდნავ მაინც რაციონალურად იფიქრა და მიშას მოწოდებებით გონება დაბინდული არ აქვს, ისინი ამ პროცესს ემიჯნებიან. სააკაშვილის თამაში გამოიხატება კანონის ჩარჩოებიდან გასვლაში. დარჩა ერთადერთი გზა, რომელსაც ასევე არ აქვს პერსპექტივა, მაგრამ კუთხეში მომწყვდეული და წარუმატებლობით გონებადაბნელებული ოპოზიცია სხვას დღეს ვერაფერს ფიქრობს. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც რაციონალურად დაფიქრდნენ, პერსპექტივა ვერ ნახეს და გაემიჯნენ ოპოზიციას. სხვები ჩამოშლის რეჟიმში არიან. რეალურად ნიკა მელიას მოქმედება იქნება, თუ სხვა ადამიანების, რომლებიც დღეს პირდაპირ გამოდიან და აანონსებენ ფიზიკურ დაპირისპირებას, თავისი ქცევით ადასტურებენ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის გეგმას. საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში ეს გეგმა არ გამოვა. ამიტომ ვურჩევ ყველას, თუ შეუძლიათ და თუ იპოვნიან თავის თავზე მაღლა ძალას, კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნდებიან. ხარვეზები არსებობს უამრავი, ამაზე გველაპარაკონ. საქმეზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.