მერიის გარდა, სად შეძლებთ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ბარათის აღებას?

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, მერიის მიერ ინიცირებული პროექტის, სახელმწიფო და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისა და ტერიტორიაზე ზონირების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი უცვლელი რჩება. 

ფასი 1 კვ.მ. ფართობისთვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით განისაზღვრება. მისი მინიმალური ღირებულება 16 , მაქსიმალური კი 25 ლარი იქნება.

ამასთან, რუსთავის მერიის აპარატის ხელმძღვანელმა, ნინო ნიკოლავამ წარადგინა საკითხი ე.წ. მუნიციპალური ტრანსპორტის სამგზავრო ბარათების დამატებითი ცენტრების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

კერძოდ, მერიის ინიციატივით,  საშეღავათო ბარათების აღება ფოსტის ან მერის წარმომადგენლების მისამართებზე იქნება შესაძლებელი.

დღესვე საკრებულომ მუნიციპალური და რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი M2 კატეგორიის სამარშრუტო ტაქსების თებერვლის თვეში გადასახადისგან გათავისუფლებას დაუჭირა მხარი.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა 17 საკითხზე იმსჯელეს და ყველა მათგანი დაამტკიცეს. სხდომას არ დასწრებიან ოპოზიციონერი დეპუტატები.