მეუფე ნიკოლოზი: ვაქცინაცია საეკლესიო საკითხი არაა

მეუფე ნიკოლოზი ვარაუდობს, რომ დღევანდელ სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრები კორონავირუსის ვაქცინაციაზე იმსჯელებენ.

როგორც ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სინოდის სხდომის საკითხების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს.

“მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ წინასწარ პატრიარქს ვინმესთვის ეთქვას, რა საკითხებზე იქნება საუბარი, გარდა ერთი შემთხვევისა, პატრიარქის 30 წლის საიუბილეო აღსაყდრებისადმი მიძღვნილი სხდომა და მეორე ეს იყო, ცოტა ხნის წინ, ამ კორონასთან დაკავშირებით”, –  განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზმა კომენტარი ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს საეკლესიო საკითხი არ არის.

“ვაქცინაცია, ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო, ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გადავწყვიტავთ ესე, რომ ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას და ვინც არ გაიკეთებს , არც ერთს და არც მეორეს ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ”, – განაცხადა  მეუფე ნიკოლოზმა.