ნიკა მელიას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

სწორედ მეორე ინსტანციაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ძალაში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის პოზიცია, რომ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.

რუსთავის სასჯელაღსრულების ნომერ მე-12 დაწესებულებაში ნიკა მელიას ადვოკატთან ერთად მისი მხარდამჭერები და თანაპარტიელებიც იმყოფებიან.

“გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას და სოლიდარობას ჩვენი მეგობრის მიმართ, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ, რომელიც დღეს სრულიად უკანონოდ იმყოფება ამ შენობაში, მაგრამ როგორც ხვალინდელი დღის მჯერა, ისე მჯერა, რომ ძალიან მალე ის გამოვა ამ შენობიდან და კვლავ ჩადგება იმ ფერხულში, რომელსაც ჰქვია ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის,”-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც სააპელაციო სასამართლო მიიღებს,  პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

“ველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენი საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, თუმცაღა, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც დასაშვებობის კუთხით, ისე დაუშვებლობის თვალსაზრისით.

სამართლებრივ ჭრილში, ამ საქმის განხილვა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არის აბსოლუტურად უადგილო, ეს საქმე პოლიტიკურია,”- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.